Tuesday, April 17, 2012

კიდევ ერთი ლამაზი დღე №5 საჯარო სკოლის ისტორიაში

    ი. ჭავჭავაძის სახელობის ქ. ახალციხის N5 საჯარო სკოლას მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. დღეს, როცა პედაგოგთა შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისთვის უამრავი რესურსი არსებობს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები წინა პლანზეა წამოწეული, ამ კუთხით პედაგოგთა მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდა.
   სკოლაში წარმატებით მუშაობს საგნობრივი კათედრები, სადაც იგეგმება და ეტაპობრივად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, კონფერენციები, კონკურსები, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებები. სწორედ ასეთი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  კათედრაზე დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია მოეწყო 16 დეკემბერს N5 საჯარო სკოლაში. ბიოლოგიის მასწავლებლის–თამარ ჯინჭველაძის ხელმძღვანელობით XI კლასის მოსწავლეებმა ძალზე საინტერესოდ წარმოადგინეს პროექტი–,,პური ჩვენი არსობისა".
    ბავშვებმა მსმენელებს გააცნეს ხორბლის ქართული ჯიშები: ზანდურა, მახა, დოლი, თავთუხი, დიკა, ყანა. ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ–ერთი დამოუკიდებელი კერა, რომ საქართველოში პურის სამშობლოდ ითვლება ქართლი, უფრო მეტად კი მესხეთი.
   მათ ისაუბრეს ადგილობრივი ჯიშის–ახალციხის ,,წითელი დოლის" შესახებ და პურის ცხობის მესხურ ტექნოლოგიაზე.
  მოსწავლეები საუბრობდნენ დინჯად, თავდაჯერებულად, პურის კულტურისადმი მოწიწებითა და სიყვარულით.
  პროექტის პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ვიდეომასალით, პურის სახეობათა ფოტოებითა და ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთით, ირგვლივ კი სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა, სურნელი იმ პურებისა, რომლებიც ,,ელკანას" მიერ მიწოდებული ხორბლის ფქვილით მოსწავლეთა მიერ სწორედ მესხური ტექნოლოგიით იყო გამომცხვარი და გამოფენაზე წარმოდგენილი.
   პრეზენტაცია დასრულდა პურის საგალობელით.
   სკოლის დირექტორმა–ქალბატონმა ჟენია მერაბიშვილმა და სკოლის სტუმარმა–ქ. გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა–ბატონმა ვახტანგ სუხიტაშვილმა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს დიდი მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.


                                            საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე,   ფიზიკის მასწავლებელი– მაია თათეშვილი  


ეს სტატია გამოვაქვეყნე გაზეთში– ,, ახალი  განათლება"